Europetime-თან კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ორი კვირით ადრე, ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის გზავნილს განმარტავს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობას აგრძელებს, რადგან ისინი დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან.
„ძლიერი ტრანსატლანტიკური ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის და ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ჩვენი საერთო კეთილდღეობის დასაცავად. ამდენად, სამიტის საერთო გზავნილი შემდეგია: აშშ და ევროკავშირი ერთად დგანან. ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი პარტნიორობა, მათ შორის, ჩვენი საერთო ღირებულებების შესაბამისად ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები, ჩვენი ყველა მოქალაქისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობას აგრძელებს, რადგან ისინი დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ ისწრაფვიან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს საჭირო რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, ამაში მთავრობას დავეხმაროთ. ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას გავაგრძელებთ. 30 წლის განმავლობაში მხარდამხარ ვმუშაობდით დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ Europetime-სთვის მიწოდებულ კომენტარში.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.
- „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის ცნობით, სამიტი იძლეოდა შესაძლებლობას, შეხვედრისას განეხილათ მჭიდრო ტრანსატლანტიკური პარტნიორობა და პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროები. გამოცემა AFP გასულ თვეში წერდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი, ერთიანობის მძლავრ გზავნილს გააგზავნიდნენ ბევრ საკითხთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.