რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი გაეროს რეზოლუციას, რომლის მიღებასაც ისრაელის მწვავე რეაქცია მოჰყვა

პარასკევს, 27 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა 22 არაბული სახელმწიფოს რეზოლუციას, რომელიც ისრაელსა და დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ჰამასს” შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

რეზოლუციის ტექსტი არაბული ქვეყნების სახელით იორდანიამ წარადგინა. რეზოლუცია მოითხოვს „დაუყოვნებლივ, ხანგრძლივ და მდგრად ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც საომარი მოქმედებების შეწყვეტა უნდა მოჰყვეს.“


  • დოკუმენტს მხარი დაუჭირა 120-მა ქვეყანამ, მათ შორის, რუსეთმა, კატარმა, ჩინეთმა, თურქეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ, სლოვენიამ და პორტუგალიამ.

14-მა ქვეყანამ, მათ შორის, ავსტრიამ, უნგრეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ხორვატიამ, ისრაელმა, ჩეხეთმა ხმა წინააღმდეგ მისცეს, ხოლო 45-მა, მათ შორის, კანადამ, გერმანიამ, საქართველომ, საბერძნეთმა, ფინეთმა, ინდოეთმა, იტალიამ, იაპონიამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, სერბეთმა და უკრაინამ თავი შეიკავეს. 


დოკუმენტის მიხედვით, გაეროს ახლო აღმოსავლეთის სააგენტომ უნდა შეძლოს პალესტინელი ლტოლვილების დასახმარებლად „სრული, მდგრადი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფა.“

ამავე დროს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარყო კანადის მიერ შემოთავაზებული ცვლილება, რომელიც გმობდა „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა ასევე მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას.


ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა და ამ თავდასხმის მსხვერპლი.

„რეზოლუციის ავტორები აცხადებენ, რომ ისინი შეშფოთებულები არიან მშვიდობის მიღწევის საკითხით. (...) ამავე დროს, ლაჩარი მკვლელები, რომლებმაც ეს ომი წამოიწყეს, რეზოლუციაშიც კი არ არიან ნახსენები,“ - განაცხადა ერდანმა.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.


პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. აფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.