ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ომის ახალ ფაზაში შევედით

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ “ჰამასის“ წინააღმდეგ ომი ახალ ფაზაშია.

„ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე ახალი ბრძანება არ მიიღება,“ - განაცხადა იოავ გალანტმა.


ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შაბათს ღამით ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებს მნიშვნელოვნად გააფართოებენ.

ამის ფონზე მან მოუწოდა ღაზის სექტორის მცხოვრებლებს, სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლონ.

„[ისრაელის] საჰაერო ძალები ძალიან მნიშვნელოვნად ურტყამენ მიწისქვეშა სამიზნეებს. ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად ვმოქმედებთ,” - განაცხადა ჰაგარიმ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ქვეითები და ტანკები ღაზის სექტორში შეზღუდულ რეიდებს ახორციელებდნენ.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.


პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. აფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.