ამერიკის საელჩო რუსეთის მცდელობაზე, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს: დემოკრატიის სამიტზე ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება

24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით.

Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით.

„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე.

ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე.

აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მოწოდებულ კომენტარში.


საელჩოს მიერ მოწოდებული კომენტარიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი დემოკრატიის სამიტზეც წამოიჭრა დახურულ ფორმატში.

დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში.


ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა. მასში წელსაც, ისევე როგორც შარშან, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატების დაზვერვის არასაჯარო ანგარიში მიუთითებდა, რომ მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიას და რუსულ სახელმწიფო მედიას, რათა შეასუსტოს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული არჩევნებისადმი მთელ მსოფლიოში. Reuters-ი წერდა, რომ დაზვერვის ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ათეულობით ქვეყანას გაუზიარა.