ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) გეგმები უზბეკეთში, სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, მიმართულია ინიციატივებისკენ, რომელიც მდგრადი, კლიმატისადმი ნეიტრალური ეკონომიკური მოდელისკენ გადასვლას ეხება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია EIB-ში წყაროზე დაყრდნობით წერს.
„უზბეკეთში EIB პრიორიტეტს მიანიჭებს მდგრადი კავშირის პროექტებს, განსაკუთრებული აქცენტით ინიციატივებზე, რომლებიც შუა დერეფნის ოპერაციებში ქვეყნის ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული,“ აღნიშნა წყარომ.
EIB-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს მცდელობები მჭიდროდ ემთხვევა ევროპის გლობალური კარიბჭის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაძლიერებას ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, ასევე, ხელს უწყობს არსებით მხარდაჭერას, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკვე გაუწია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს სამხრეთ. კავკასიაში.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.
TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.
ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.