საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი (IRU) აპირებს, TIR სისტემის გამოყენებით შეამციროს ლოდინის დრო შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნების, მათ შორის, აზერბაიჯანის საზღვრებზე. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანულ მედიასთან IRU-ს პრეზიდენტმა რადუ დინესკუმ გააკეთა.
„TIR არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელშეკრულება, რომელიც ამცირებს საზღვარზე ლოდინის დროს TIR სისტემის გამოყენებით. ელექტრონული TIR სისტემა აუმჯობესებს უსაფრთხოებას და საიმედოობას სახელმწიფო და საგზაო ტრანსპორტის ოპერატორების თვალსაზრისით, ასევე, ელექტრონული ზედნადების (ECMR) გამოყენების კუთხით,“ - აღნიშნა დინესკუმ.
დინესკუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა საქონლის ნაკადი შუა დერეფნის გავლით.
„თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის ყველა ქვეყანამ შეძლოს საქონლის ამ ნაკადის განთავსება და გააუმჯობესოს არამხოლოდ მძიმე ინფრასტრუქტურა, როგორიცაა გზები, პორტები, რკინიგზა და ა.შ. არამედ, აუცილებელი რბილი ზომები, რაც გულისხმობს პროცედურებისა და დიგიტალიზაციისკენ სვლას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ამ დერეფანზე ლოდინის დროის შესამცირებლად და უფრო მაღალი სიჩქარის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა IRU-ს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.
TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.
ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.