ვაშინგტონი დაღესტნის აეროპორშტი არეულობაზე პუტინის ბრალდებებს აბსურდს უწოდებს

აშშ „აბსურდს" უწოდებს რუსეთის განცხადებას დაღესტნის აეროპორტის ინციდენტში უკრაინის მონაწილეობაზე. ვაშინგტონი მომხდარს "სიძულვილის შემზარავ დემონსტრირებად აფასებს."

ამასთან, დასავლეთის მიმართ ბრალდებების შესახებ კითხვას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ თეთრი სახლის ბრიფინგზე ასე უპასუხა: „კლასიკური რუსული რიტორიკაა, როცა რაღაც ცუდი ხდება შენს ქვეყანაში, შენ სხვას ადანაშაულებ.”


„დასავლეთს არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამასთან. ეს არის უბრალოდ სიძულვილი, ფანატიზმი და დაშინება,“ - განაცხადა კირბიმ.

„ზოგიერთი ადამიანი ამას შეადარებს მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის „პოგრომებს“ და ვფიქრობ, რომ ეს ალბათ სწორი აღწერაა, იმ ვიდეოს გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ იქ ვნახეთ,“ - განაცხადა კირბიმ ანტისემიტური აქციის შესახებ. კირბიმ გააკრიტიკა პუტინი იმის გამო, რომ მეტი არ გააკეთა ძალადობის დასაგმობად. მანამდე კი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა უკრაინის ჩართულობის შესახებ რუსეთის ბრალდებებს "აბსურდი" უწოდა.


„რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საჯაროდ დაგმოს ეს ძალადობრივი პროტესტი, პასუხისმგებლობა დააკისროს მონაწილეებს და უზრუნველყოს ისრაელელების და ებრაელების უსაფრთხოება რუსეთში," - განაცხადა მილერმა.

კრემლმა არეულობა "გარედან ჩარევას" დააბრალა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მაჰაჩყალაში ანტისემიტური არეულობა "დიდწილად უკრაინის ტერიტორიიდან იყო შთაგონებული, დასავლეთის ქვეყნების აგენტურის გავლით."