გასული წლის განმავლობაში მომსახურების საექსპორტო მიმართულებებს შორის ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 65.6% შეადგინა. პირველი საექსპორტო ქვეყანა კი რუსეთი იყო, სადაც ექსპორტის ზრდა ყველაზე მაღალი იყო. რეგიონის ქვეყნების გარდა ათეულში ვხვდებით ასევე აშშ-სა და საუდის არაბეთს.
მომსახურების უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია.
რუსეთი - 981 მლნ დოლარი, ზრდა - 419%;
თურქეთი - 688 მლნ დოლარი, ზრდა - 88.4%;
უკრაინა - 327 მლნ დოლარი, ზრდა - 58.6%;
ისრაელი - 318 მლნ დოლარი, ზრდა - 119.8%;
აზერბაიჯანი - 306 მლნ დოლარი, ზრდა - 26.5%;
ბელარუსი - 266 მლნ დოლარი, ზრდა - 245.8%;
სომხეთი - 257.5 მლნ დოლარი, ზრდა - 265.9%;
აშშ - 243 მლნ დოლარი, ზრდა - 204.8%;
საუდის არაბეთი - 177.8 მლნ დოლარი, ზრდა - 110.7%;
ყაზახეთი - 176.8 მლნ დოლარი, ზრდა - 88.5%.
გასულ წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 123.9%-ით, 5 მილიარდ 703 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მომსახურებით ვაჭრობის 2022 წლის შედეგების მიხედვით, ექსპორტში პირველი ადგილი 3 მილიარდ 516 მილიონი დოლარით, მოგზაურობამ დაიკავა, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 61.7%-ს შეადგენს.
მეორე ადგილს სატრანსპორტო მომსახურება 1 მილიარდ 201 მილიონი დოლარით (მთლიანი ექსპორტის 21.1%) იკავებს, მესამე ადგილზე 597.2 მლნ დოლარით (შესაბამისად 10.5%) სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურებაა. საექსპორტო ათეულში შედის ისეთი მომსახურებებიც, როგორიცაა, სამთავრობო და ფინანსური მომსახურება, კულტურული და რეკრეაციული, სადაზღვევო და მანუფაქტურული და სხვა.
2022 წელს მომსახურების ექსპორტი იმპორტს აღემატებოდა.