ევროკომისიამ სომხეთს დამატებით, 1,7 მილიონი ევრო გამოუყო, რათა დაეხმაროს მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიღებას. ამის შესახებ კრიზისებზე რეაგირების საკითხებში ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა.
ევროკომისიის დამატებითი სახსრები, მთიანი ყარაბაღიდან დევნილი დაახლოებით 100 ათასი ეთნიკურად სომეხის ახალ ტერიტორიებზე დასახლებას მოხმარდება. თანხები განკუთვნილია სოციალური გადასახადების, საცხოვრებლის, კვებისა და ჯანდაცვის მომსახურებისთვის. ევროკავშირის დახმარების მთლიანმა მოცულობამ 12 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა. ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ყარაბაღიდან ლტოლვილები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან ადამიანები ხშირად გარბიან სახლიდან მინიმალური ნივთებით და ახლა თბილი ტანსაცმელი და ზამთრისთვის აუცილებელი საცხოვრებელი პირობები სჭირდებათ.
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.
20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.
28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.
100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს.
გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.
მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.