პირველ ნოემნერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 115-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, დიმიტრიოს კარაბალისის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.
EUMM-ის განცხადებით, თანათავმჯდომარეებმა „დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ სექტემბერში გამართული უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება შედარებით სტაბილური იყო.“ ამავე დროს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მონაწილეებმა განიხილეს არსებული გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემები, მათ შორის უსაფრთხოების ბოლოდროინდელი ინციდენტები და დაკავებები. ცნობილია, რომ საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში 7 მოქალაქე რჩება (რედ.)
- „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას და მონაწილეებს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას,“ - აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გარდა ამისა, თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა გადაადგილების სრული თავისუფლების დამყარების მიმართ და წარმოადგინეს კონკრეტული გადასადგმელი ნაბიჯები ამ მიმართულებით.
ევროკავშირის მონიტორინსგის მისიის შეფასებით, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე კვლავ დგას დაბრკოლებები, რომლებიც ზღუდავენ მათ საარსებო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ხელს უშლიან მათ სოციალურ ურთიერთობებს.
- „თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, თუ როგორ მოქმედებს ეს შეზღუდვები განსაკუთრებით ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებსა და იზოლირებულ თემებზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ აღნიშნეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების რეზოლუციის მიღების გუშინდელი 23-ე წლისთავი და ხაზი გაუსვეს კონფლიქტის კონტექსტში ქალების მძიმე გამოცდილების გაანალიზების შესაძლებლობას და მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი ასრულებენ მისთვის გადაწყვეტილების ძიებაში.“
მონაწილეები ასევე მიესალმნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გამართულ დისკუსიებს. განსაკუთრებით დადებითად აღნიშნეს, თანამშრომლობა ექსპერტებს შორის 27 ოქტომბერს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომლის დროსაც შეთანხმდა წყლის გაზიარების საერთო მიდგომა მომავალი 2024 წლის სარწყავი სეზონის დროს. მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მიერ მართული ცხელი ხაზის მნიშვნელობას დაძაბულობის განმუხტვისა და ინფორმაციის გაცვლის გასაადვილებლად. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ IPRM-ის შემდეგი რეგულარული შეხვედრა 2023 წლის 13 დეკემბერს მოიწვიონ.
ერგნეთში ინციდენტების პრევნციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 115-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, განხილული საკითხები დაასახელა. მათ შორის არის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის გათავისუფლებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები.
- ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.