ერაყის მოქალაქეები ენგურის ხიდის გავლით, ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლას ცდილობდნენ

ერგნეთში ინციდენტების პრევნციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 115-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, განხილული საკითხები დაასახელა. მათ შორის არის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის გათავისუფლებისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები.

„განვიხილეთ შვიდივე შემთხვევა და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა დისკუსიას. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა პოზიტიური შედეგები ვამცნოთ საზოგადოებას,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.


მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ე.წ უკანონო ბორდერიზაცის შემთხვევევზე, „საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა ბორდერიზაციის სამ ფაქტს. უკანასკელი დაფიქსირდა გუშინ. კიდევ ერთხელ გაჟღერდა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე პოზიცია აღნიშნიული დესტრუქციული ქმედებების მიუღებლობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რადიო თავისუფლების ცნობით.


ირაკლი ანთაძის თქმით, ისაუბრეს ასევე ე.წ. გადასასვლელებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.

„გადადასვლელები უნდა ფუნქციონირებდეს 24 საათის განმავლობაში, რაც შეეხება კონკრეტულ ვითარებას, ისევ არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ კონკრეტული არაფერი გაჟღერებულა, მაგრამ შესაძლოა არსებული გადაადგილების რეჟიმი გაუმჯობესდეს,“ - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.


მანვე ისაუბრა ლომისის ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტზე და საქართველოს დროშის ჩამოხნის თემაზე.

დროშის ჩამოხსნაზე შედგა დისკუსია და მიეცა პრინცუპული შეფასება, საოკუპაციო ძალების ქმედება არის ცალსახად დასაგმობი, რაც მოხდა ლომისის წმიდნა გიორგის სალოცავზე,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.


ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ასევე ისაუბრა ენგურის ხიდის გავლით, ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის მცდელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

როგორც ანთაძემ განაცხადა, ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ერაყის მოქალაქეებს. ანთაძის განცხადებით, ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან კვლავ უკან დააბრუნეს.


„როგორც თქვენთვის ცნობილია პერიოდულად უცხო ქვეყნის მოქალაქეები კვეთენ საოკუპაციო ხაზს, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვქონდა ერაყის მოქალაქეებთან. გააქტიურდა ევროკავშირის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და შედეგად აღნიშნული პირები დაბრუნდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან აბსოლუტურად ლეგალურად. ასევე მოგახსენებთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, შედგა კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით და ინციდენტი არის ამოწურული," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.


შეკითხვაზე, რამდენად უწყობს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები ვითარების დესტაბილიზაციას ხელს, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ არ გააკეთებს კომენტარს დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებზე. მისივე ცნობით, ცხელი ხაზით წარმოებული კომუნიკაციის შედეგად შესაძლებელი გახდა ერაყის მოქალაქეების უკან დაბრუნება და ისინი საქართველოში იმყოფებიან.


„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე დააკავეს რვა არაბი ლტოლვილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცდილობდნენ აფხაზეთში შესვლას. შამბას თქმით, მათ უკან დაბრუნებაზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეუთანხმდნენ.