მედია: რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსებას უმცირებს

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ დაფინანსებას ამცირებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა წერს.

„რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის“ გადაწყვეტილებით, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3.6 მილიარდი რუბლი იქნება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიასთან გამართული თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგების საფუძველზე,“ - მიიღეს ნათქვამია, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.


ადრე რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებში 4.05 მილიარდი რუბლი იყო. შესაბამისად, დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (4.8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 824,4 მილიონი რუბლია ათვისებული, 2023 წლის ლიმიტის ნაშთი კი 390.6 მილიონი რუბლია.

სხდომის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაციის “ინვესტიციის“ მოცულობა 11 მილიარდ რუბლს შეადგენს. 

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ ცნობს.  ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.