სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის გადაწყვეტილება, სასამართლო სხდომაზე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მიიღეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
„სუს-მა მომთხოვა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, რაზეც უარი განვაცხადე და აი, რატომ: მე უსამართლო და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები უკვე დადასტურებულად “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, [ოთარ] ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით...
მე ჩემი ინფორმაცია გამოვაცხადე იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ყველა საეჭვო ჯგუფი შეგვიძლია აღვრიცხოთ და როცა ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, საზოგადოებრივი აქტიურობით მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება," - წერია მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე განთავსებულ პოსტში.
რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოში "რუსების საფარქვეშ შემოსულია დივერსიული ჯგუფი“, რომელსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია ევალება. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს პროვოკაციაზე ვერ წამოაგებენ, მაგრამ საჭიროა კონსოლიდაცია და სამოქალაქო თავდაცვა „რუსული დივერსიული ჯგუფების, რუსების მოქმედებების და საინფორმაციო პროვოკაციების გარშემო.“