სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი: სომხეთის საზღვრებთან აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილის ჰაკობ არშაკიანის განცხადებით, ამჟამად სომხეთის საზღვრებთან აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება. ამის შესახებ არშაკიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლემკინის ინსტიტუტის შეშფოთებას აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ანგარიშების მონიტორინგისკენ მოუწოდა.

„ამ დროისთვის სომხეთის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება. არის თუ არა საფრთხე? უნდა აღინიშნოს გარკვეული პოზიტიური ცვლილება რიტორიკაში. ასევე დადებითი მოვლენაა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოების მიერ რეზოლუციების მიღება, პარლამენტების, მთავრობების და სხვადასხვა ორგანიზიის განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ დადგება. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ მივესალმოთ იმ ფაქტს, რომ არის გარკვეული ცვლილებები რიტორიკაში,“ - განაცხადა არშაკიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაიხსენა, რომ ბოლო დროს აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს და რეგიონში ზოგადი დაძაბულობა სუფევს.


Politico 14 ოქტომბერს წერდა, ენტონი ბლინკენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ შესაძლებელია, აზერბაიჯანი უახლოეს კვირებში სომხეთში შეიჭრას. მოგვიანებით, ეს მოსაზრება სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დაადასტურა.


ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

„გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ანალენა ბერბოკი თავდაპირველად, 3 ნოემბერს ერევანში ჩავა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. მეორე დღეს ბერბოკი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გაეროს კოორდინატორს შეხვდება.


შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტზე 26 ოქტომბერს ისაუბრა. ფაშინიანის თქმით, სწორედ მშვიდობიანი თანაარსებობა არის მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ „გზაჯვარედინის მშვიდობის პროექტი“, რომლის მიზანიც არის განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობის ხაზების, ელექტროგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და შენებით.