სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ დაიწყო

სამთავრობო უწყებებს შორის კრიზისულ სიტუაციებში კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით შექმნილი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს და მასში ყველა სახელმწიფო უწყება მონაწილეობს.

სწავლება კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა.


„თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ ყურადღება საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობასა და მის ეფექტიანობაზე გაამახვილა. გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და სწავლებაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოგვიანებით, გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან და სწავლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების ინფრასტრუქტურა - სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობა დაათვალიერა, სადაც იმიტირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და ფორმირებული გენერალური შტაბია მოწყობილი, ამავე სივრცეშია განთავსებული სტრატეგიული და ოპერატიული დონის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სხვადასხვა უჯრედი.

მონაწილეებს კომპეცენტიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების შესრულება ჰიბრიდული თუ სხვა გამოწვევების ფონზე კოორდინირებული ურთიერთქმედებით მოუწევთ,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


„დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბური და გამორჩეულია. მასში საშტაბო ნაწილის გარდა სხვადასხვა სასწავლო უბანზე ძალების მიზიდვით საველე კომპონენტებიც გათამაშდება. საშტაბო ნაწილში სწავლების არქიტექტურაში ახალი უწყებათშორისი კომპონენტები ჩამოყალიბდა - სტრატეგიული კომუნიკაციების უწყებათშორისი ჯგუფი და სიმულაციური მედიაცენტრი.

საველე ნაწილს კი, სრულიად ახალი კომპონენტები დაემატა, მათ შორისაა საზღვაო, ასევე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) ელემენტები. საველე კომპონენტებში პირველად ჩაერთვებიან მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ტერიტორიული რეზერვისა და წინააღმდეგობის ელემენტებთან ერთად.