ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი - ახალი შესაძლებლობა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ გზაზე

ცნობილი ყაზახური მედია გამოცემები ,,Elitar.kz'' და kazakh.inform'' აქვეყნებენ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალური დირექტორის მამუკა მურჯიკნელის ინტერვიუს, რომელიც შუა დერეფნის განვითარებას ეხება. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი აზია-ევროპის დამაკავშირებელ გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ აქტორად განიხილება და მას ამის დასტურად მოჰყავს როგორც უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალში, ასევე ის ფაქტი, რომ ტერმინალი აზიურ -ამერიკულ-ქართული პარტნიორობისა და თანამშრომლობის სინერგიით შეიქმნა და ფუნქციონირებს.

  • Europetime ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ.

ახალმა გეოპოლიტიკურმა მოცემულობამ რეგიონში უამრავი რამ შეცვალა და კიდევ უფრო გამოკვეთა და მნიშვნელოვანი გახადა სატრანზიტო ქვეყნების როლი. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ყაზახეთის როლი. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან ისმაილოვის საქართველოში ვიზიტისას, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის მნიშვნელობა და როლი იყო. მის კოლეგა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას სწორედ ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას და განსაკუთრებით, შუა დერეფნის ინიციატივის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთს და რომლის მიზანია, გაზარდოს ამ მარშრუტის მიმზიდველობა ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.

დერეფანი ცენტრალურ აზიას, ჩინეთს და აზიის სხვა ქვეყნებს ევროპას დაუკავშირებს. შემუშავებულია ხუთწლიანი საგზაო რუკა, რომელშიც ასახულია თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლობა 2027 წლამდე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება საქართველოს, კერძოდ ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურ დირექტორთან, ბატონ მამუკა მურჯიკნელთან ინტერვიუ.


 - ბატონო მამუკა, ორიოდე სიტყვით მულტიმოდალურ ტერმინალზე რომ გვითხრათ, ვიცით, რომ ტერმინალის მშენებლობა, პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა და დღეს უკვე სრული დატვირთვით მუშაობს. ამ ტემპების და ზოგადად ტერმინალის მშენებლობის აუცილებლობა და მიზნობრიობა,როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, სწორად ჰქონდა დანახული, გაანალიზებული და შეფასებული თქვენს კომპანიას?

უპირველესად, მადლობა ინტერვიუსა და ინტერესისთვის. ჩვენმა კომპანია Wondernet Exspress Investment Group-მა ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო, 2021 წელს უკვე დაასრულა და დღეს ტერმინალი სრული დატვირთვით მუშაობს. აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები.


ტერმინალი სრულიად ავტომატიზებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

ჩვენი პარტნიორია ამერიკული, უდიდესი ტრეიდული კორპორაცია Trammo. ჩვენ წარმოვადგენთ სიმბიოზს ქართულ-უზბეკურ-ამერიკული ინვესტიციის და ინტერესის, რაც დღეს დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ძირითადი ტვირთი, რასაც ჩვენ ვემსახურებით, ამ ეტაპისთვის არის კარბამიდი (შარდოვანა), თუმცა ჩვენი ტერმინალის ტექნიკური აღჭურვილობა და სტანდარტები გვაძლევს საშუალებას, გავატაროთ სხვა მინერალური სასუქებიც.

ტვირთის მიღება ჩვენთან მთლიანად დახურულ სივრცეში ხორციელდება, ისევე როგორც მისი შენახვა და შემდეგ გემებზე გადატვირთვა. ჩვენ გვაქვს საკონვეიერო ლენტური სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვირთი ვაგონიდან ავტომატურად გადაგვაქვს საწყობში და იქიდან პირდაპირ დახურულ სივრცეში ვტვირთავთ გემზე.

- ბატონო მამუკა EBRD გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, ამ ფაქტორს და ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ალიხამ ისმაილოვის საქართველოში ვიზიტისას. ხოლო რამდენიმე თვის წინ, უკვე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში, მან პირადად მოინახულა თქვენი მულტიმოდალური ტერმინალი ბათუმში. თუ შეიძლება, ამაზე რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა და კიდევ სამომავლო გეგმებზე.


მადლობა ამ კითხვისთვის, ჩვენ კერძო კომპანია ვართ, პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ვიაზრებთ და გვესმის ჩვენი და ჩვენი მსგავსი კომპანიების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლის. ვგრძნობთ და სრული პასუხისმგებლობით ვიაზრებთ ჩვენს ფუნქციას, ამიტომ, მუდმივად ვზრუნავთ და ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე. აქ ვგულისხმობ ყველაფერს, როგორც ინფრასტრუქტურის, პერსონალის განვითარება-გადამზადება, ასევე თვითონ ტერმინალის გაფართოვების იდეას.


უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩვენს ტერმინალში, ნამდვილად მნიშვნელოვანი და საპატიო იყო ჩვენი კომპანიისთვის. ესეიგი ჩვენი შრომა, პასუხისმგებლობა, გამჭვირვალიბა, შეუმჩნეველი არ რჩება და შუა დერეფანზე საუბრისას ერთ-ერთ ფლაგმანად ჩვენც ნამდვილად მოვიაზრებით.

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა მოცემულობამ რეგიონში, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეს ურთიერთანამშრომლობა ახლა, ყაზახეთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ამ კუთხით, ისევე როგორც უზბეკეთი, აზერბაიჯანი  - ჩვენს ხალხებს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია, როგორც ყოფილმა დიპლომატმა, მით უფრო შუა აზიაში ნამუშევარმა ელჩმა, კარგად ვიცი ეს დამოკიდებულება და მიხარია ჩემი დღევანდელი სტატუსით და ახალი შესაძლებლობებით, კვლავ კავშირში რომ შემიძლია ვიყო ჩემთვის მნიშვნელოვან, საინტერესო ქვეყნებთან და ხალხთან, ჩემს ყაზახ, უზბეკ და აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განვახორციელოთ და შევიმუშაოთ ლოგისტიკური კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროექტები და გეგმები.


ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხრივ ახალი სარკმელია ლოგისტიკურ ტრასკავკასიურ გზაჯვარედინზე, რომლის სათავეც სწორედ ცენტრალურ აზიაში, მათ შორის ყაზახეთში იღებს სტარტს. როგორც უკვე მოგახსენეთ, მქონდა პატივი, მემუშავა და წარმომედგინა ჩემი ქვეყანა როგორც ელჩს, ცენტრალურ აზიაში. ამ წლებმა უამრავი კარგი მეგობარი შემძინა ამ ქვეყნებში და ამით განსაკუთრებით ბედნიერი ვარ.

ასევე ჩვენი კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ბატონი დიმიტრი აბდუშელიშვილი, დიპლომატების ოჯახიდანაა, მისი მამა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი იყო უზბეკეთის რესპუბლიკაში. მოგვიანებით უკვე მისი ძმა. ამდენად, ცენტრალური აზია ჩვენთვის გარდა ბიზნესაქმიანობისა, კულტურული, ადამიანური ურთიერთობების, კავშირების ბმაა და ამიტომაც, კიდევ უფრო გვახარებს ჩვენი ურთიერთაახლოებისკენ და ურთიერთანამშრომლობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.