ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ჩინურ სატრანსპორტო კომპანიებსა და ლოგისტიკის ოპერატორებს მოუწოდა, ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერების ტრანსპორტირებისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი უფრო აქტიურად გამოიყენონ.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ამ წინადადებით შანხაიში, ჩინეთის მე-6 საერთაშორისო გამოფენის (CIIF) გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გამოვიდა. სმილოვმა აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი საქონლის ტრანსპორტირების დროს თითქმის გაანახევრებს.
„ამჟამად, ჩინეთიდან ევროპაში სახმელეთო სატრანზიტო მიმოსვლის დაახლოებით 85% ყაზახეთის გავლით ხდება. ქალაქ სიანსა და ფოთის პორტში ყაზახური ტერმინალების მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს. დაგეგმილია მე-3 სარკინიგზო გამშვები პუნქტის აშენება ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარზე, ასევე, შავ ზღვაზე საპორტო ობიექტების გაფართოება შუა დერეფნის გასწვრივ,“ აღნიშნა სმაილოვმა.
მან ჩინეთის სატრანსპორტო კომპანიებს მიიწვია, მონაწილეობა მიიღონ ჩამოთვლილ პროექტებში და ასევე მიიწვია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ოპერატორები, რომ აქტიურად გამოიყენონ ყაზახეთში არსებული ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს მონაწილეობით შეიქმნა.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.
TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.
ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.