თურქეთში დემონსტრანტებმა ინჯირლიკის ავიაბაზაზე შეჭრა სცადეს

თურქეთის პოლიციამ, ქალაქ ადანის მახლობლად, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ინჯირლიკის ავიაბაზის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ, ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

თურქული ტელეარხი NTV იუწყება, რომ ჯგუფმა, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელისა და აშშ-ის მოქმედებების წინააღმდეგ გამოდის, ავიაბაზის დახურვა მოითხოვა.

წყაროს ცნობით, აქციის ზოგიერთი მონაწილე ადანაში სტამბოლიდან ჩავიდა, მათ სხვა ქალაქებიდანაც შეუერთდნენ. ინჯირლიკის ავიაბაზა, რომელსაც საერთაშორისო კოალიცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებს, ასევე მოიცავს აშშ-ის ძალებს.


ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელს ომის დანაშაულში ადანაშაულებს. 4 ნოემბერს ანკარამ ისრაელიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.

ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

ცნობისთვის, ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს  საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მისი „სამიზნე მხოლოდ „ჰამასია“, რომელიც მოსახლეობას ფარად იყენებს.“