საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა.
პრემიერის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა საერთო ძალისხმევის შედეგია და მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. უპირველეს ყოვლისა, ჩემი მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. დიდად ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
მიმაჩნია, რომ თქვენი ვიზიტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის - ასე ვიტყოდი, რომ განმსაზღვრელ მომენტს ხდება. ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისადმი თქვენი მხარდაჭერის თვალსაჩინო დადასტურება.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია და, როგორც ვიცით, მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. ესენია: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რაც გასულ წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებაა. ამჟამად, რა თქმა უნდა, ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. ის საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.
ამდენად, კიდევ ერთხელ გულთბილად მოგესალმებით და მადლობა მინდა გადაგიხადოთ,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება.
თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, დირკ შუბელმა განაცხადა, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით - უკრაინამაც და მოლდოვამაც - ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება, კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთის პარტნიორობა.
„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 17 და ევროკავშირიდან 2 კოლეგა გავერთიანდით. მე და ევროკომისიის ერთი თანამშრომელი ევროსტრუქტურებს წარმოვადგენთ. მგონია, რომ ეს კარგის ნიშანია, რადგან ასეთ მნიშვნელოვან დროს ვიმყოფებით საქართველოში. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ყველანი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე ვმუშაობთ − ზოგიერთი სპეციალური წარმომადგენელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს შესაბამისი სამინისტროდან ან ჩემ შემთხვევაში ევროსტრუქტურიდან.
ყველა ეს ადამიანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების დეპარტამენტთა უფროსია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რანგით მაღალი პირებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ გვსურს, გავიგოთ რაში შეიძლება, კვლავ გამოგადგეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში აღმოსავლეთ პარტნიორობა.
მხედველობაში მაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა. მან საქართველოსაც ბევრი კარგი რამ მოუტანა − ასოცირების შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით; უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც გაგვაჩნია, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის გარეშე ვერ იქნებოდა შესაძლებელი; ეს ყველაფერი უკვე გუშინდელი დღეა, რა თქმა უნდა.
ახლა კი ვფიქრობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა კვლავ შეიძლება, იყოს გამოსადეგი თქვენი შემდგომი ნაბიჯების ჭრილში. დიახ, როგორც ბრძანეთ, ორ დღეში ქვეყნდება ანგარიშები. მათზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბრიუსელში მყოფი კოლეგების მიმართულებაა ეს. ისინი საბოლოო შტრიხებს გადიან, სანამ დაიბეჭდება ანგარიშები.
ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით - უკრაინამაც და მოლდოვამაც - ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება, კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა. ის ცოტათი სახეცვლილია. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აქცენტებს ვაკეთებდით რაოდენობით ნაკლებ, მაგრამ აქტუალურობით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე მთავარი ორია და თქვენს პრიორიტეტსაც წარმოადგენს. ესენია დაკავშირებადობა და უსაფრთხოება. ამდენად, ერთად ისედაც ბევრს ვაკეთებთ ორივე მიმართულებით, თუმცა მიმაჩნია, რომ პოტენციალი უფრო მეტი გვაქვს. მისი სრული გამოვლენა და ათვისებაა ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი. ყველას გვსურს ჩვენი პრიზმით ვნახოთ, რა იდეები გაქვთ და გაგაცნოთ ჩვენი შემხვედრი მოსაზრებები, რაც არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მხარდაჭერის დადასტურებაც, ნათელია, თან ასეთ მნიშვნელოვან დროს! ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება. ამდენად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი მიღებისთვის და ველით კარგ საუბარს,“ - განაცხადა დირკ შუბელმა.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.