„რუსი ოკუპანტები გააგრძელებენ მკვლელობას, ვიდრე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება.“ ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.
„მკაცრად ვგმობთ ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას. რუსი ოკუპანტები გააგრძელებენ მკვლელობას, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება,” - განაცხადა ლანდსბერგისმა.
ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.
„არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა.“ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების განმავლობაში. ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, მის განცხადებებს რომ ვითომ არის ერთსულოვანი და ჩვენი მეგობარი,“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
ასევე გაეცანით:
-
ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე
-
სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა