ევროპარლამენტარები რუსეთს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში, სვენ მიქსერი, “კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და გატაცების შესახებ“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„მკაცრად ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს ოკუპირებული საქართველოს რეგიონის ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას და კიდევ ერთი პირის ლევან დოთიაშვილის გატაცებას. მათ თავს დაესხნენ გუშინ, როდესაც გადაადგილდებოდნენ ადგილობრივი ეკლესიისკენ, რომელზედაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ეთნიკურ ქართველებს ამ წლის დასაწყისში აუკრძალეს შესვლა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ და მოვუწოდებთ უკანონოდ დაკავებული მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის რეჟიმის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის სიცოცხლის აშკარა უგულებელყოფის კიდევ ერთი ილუსტრაციაა და ასევე ცხადყოფს, თუ რა საფრთხეების წინაშე დგანან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. ეს ასევე მკვეთრად გვახსენებს იმ კონტექსტს, რომელშიც მიმდინარეობს რუსეთთან „პრაგმატული“ ჩართულობა, რომელსაც ზოგიერთნი მთავრობასა და მმართველ პარტიაში მხარს უჭერენ.


ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დარწმუნებულნი ვართ, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობისა და სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, ქვეყანას, რომელიც ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებზე აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთზე, გააუქმოს ე.წ. "რესპუბლიკების" უკანონო აღიარება, შეაჩეროს "ბორდერიზაციის" პროცესი და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, განსაკუთრებით, თავისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნებით; ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს შეუზღუდავი წვდომა ოკუპირებულ რეგიონში,“ - წერენ ევროპარლამენტარები.