პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ლიეტუველი კოლეგის ვიზიტს წარუმატებელს უწოდებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ლიეტუველი კოლეგის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტს წარუმატებელს უწოდებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მეგობარია და ეს ფაქტი პავილიონისმა მასთან შეხვედრისას, აღნიშნა.

„შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ მეგობრები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისინი მას ენდობიან და შესაბამისად, ის შეეცდება, რომ დაარწმუნოს ოპოზიციის წევრები, კონსტრუქციულ დიალოგში მიიღონ მონაწილეობა. ეს იყო ჩვენი შეხვედრის შინაარსი, თუმცა, როგორც ჩანს, ბატონმა პავილიონისმა ვერ მოახერხა მათი დარწმუნება ამაში და შედეგად მისმა შუამავლობის მისიამ წარუმატებლობა განიცადა“, - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა, შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ.

იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მელიას საქმეზე "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას თქმით, ის თავიდანვე მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო. პრემიერის გადადგომის შემდეგ, შსს-მ განცხადება გავრცელა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს.

ლიეტუველი პარლამენტარი ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ შესაძლო ქმედებებზე ყურადღება გაამახვილოს