ევროკომისიის პრეზიდენტი: საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები მთავრობამ უფრო მეტად უნდა გაითავისოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „სრულად უჭერს მხარეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში“ და „ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უფრო მეტად უნდა გაითავისოს ელისუფლებამ.“

ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში „გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან ჩართულობის გასაძლიერებლად და რეფორმების განსახორციელებლად“, მათ შორის მიიღო კანონები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.


ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მართალია, საქართველოში წარმოდგენილია სასამართლო რეფორმა, თუმცა „ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „ჰოლისტური“ რეფორმა“.

მან ახსენა, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი და სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიას გაუზიარა დასკვნის მისაღებად.

„შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და მუშავდება სამოქმედო გეგმა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ძლიერი მრავალპარტიული პოლიტიკური კონსენსუსის შექმნა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის მოგვარებას და დააჩქარებს მის ევროპულ გზას,“ - განაცხადა ლაიენმა რადიო თავისუფლების ცნობით.