ელჩი დანიგანი: ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც საქართველომ გადადგა ევროკავშირის, დასავლეთის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგენმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით, დასავლეთის მიმართულებით და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგა.


„დიდი მადლობა, პრეზიდენტო, დიდი მადლობა ელჩო, დიდი მადლობა საქართველო. ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად გიგზავნით ყველაზე გულწრფელ და თბილ მოლოცვებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ეს ნამდვილად უზარმაზარი მიღწევაა. ჩვენ დიდი ენთუზიაზმით მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა ევროკავშირის მიმართულებით, დასავლეთის მიმართულებით და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

მინდა, მივულოცო ევროკავშირს, იმ დიდი შრომისთვის, რომლითაც გაფართოების პროცესში მხარი დაუჭირა საქართველოს და სხვა ასპირანტ ქვეყნებს. ეს მართლაც შთამბეჭდავი, რთული სამუშაოა, ასე რომ, ვულოცავ კოლეგებს.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირთან, პრეზიდენტთან და მთავრობასთან, ხალხთან ერთად განაგრძობს მუშაობს, როდესაც თქვენ მუშაობთ საქართველოს პოტენციალის სრულ რეალიზაციაზე, თქვენს ეკონომიკურ, დემოკრატიულ მომავალზე ევროკავშირში.


მინდა, კიდევ ორი რამ ვთქვა, ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა მსხვერპლზე, რომელიც ბევრმა ქართველმა გაიღო საქართველოს მომავლისა და იდენტობის მხარდასაჭერად. ამ პარასკევს აშშ ვეტერანების დღეს აღნიშნავს. ქართველებმა იბრძოლეს და დაეცნენ ბრძოლაში ამერიკელ და NATO-ელ სამხედროებთან ერთად, ყველა ჩვენგანის თავისუფლებისთვის. მადლობა საქართველოს ამისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საერთო წარსულზე, საერთო ღირებულებებსა და ჩვენ ასევე ვფიქრობთ, საერთო მომავალზეც. ჩვენ, აშშ-ს გვიყვარს ევროკავშირი, გვიყვარს საქართველო, ასე რომ, ერთად ჩვენ ნამდვილად გვაქვს ლამაზი საერთო მომავალი. კიდევ ერთხელ, მინდა, ვთქვა, რომ ეს არის შესანიშნავი დღე ჩვენთვის, ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს,“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროპის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.


ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.


23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.