მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ულოცავს.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში ქართველ ხალხს ევროკავშირისაკენ გზაზე დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მივულოცე.
გავიმეორეთ ჩვენი, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილის საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ,” - წერს მაია სანდუ.
თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციებს მათ შორის უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, როგორც კი წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხის მიიღწევა. რუმინეთი ევროკავშირის წლევანდელ გადაწყვეტილებას მტკიცედ უჭერს მხარს. იოჰანისმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა სრულად დაიმსახურა მათი ყოვლისმომცველი რეფორმის ძალისხმევის აღიარება.
„მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები,“ - წერს იოჰანისი.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.
ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.