საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა, რომელიც 10-11 ნოემბერს გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

„ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს ,,From Multicrisis to Multiconflicts: how to stop the vicious circle,“ იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.


ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება.

„ნებსით თუ უნებლიეთ პრივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

„რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.