მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება.

„ნებსით თუ უნებლიეთ პრივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

„რაც შემეხება მე, პირადად, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში 8 ნოემბერს გაემგზავრა.


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა.

16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

18 ოქტომბერს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.