აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში სამხედრო აღლუმი ჩაატარა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების 3 წლის აღსანიშნავად, ქალაქ ხანქენდში (სომხ. სტეფანაკერტი) სამხედრო აღლუმი ჩაატარა.

სადღესასწაულო მსვლელობები სხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის, ბაქოშიც გაიმართა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თავისი ქვეყნის დროშა 15 ოქტომბერს აღმართა მთიანი ყარაბაღის მთავარ ქალაქში, რომელსაც აზერბაიჯანელები ხანქენდს უწოდებენ, ხოლო ეთნიკური სომხები - სტეფანაკერტს.


„ჩვენ არ გვჭირდება ახალი ომი, მივაღწიეთ იმას, რისკენაც ვისწრაფოდით, აღვადგინეთ საერთაშორისო სამართალი, ისტორიული სამართლიანობა და ეროვნული ღირსება. მტერს ვაჩვენეთ მისი ადგილი," – განაცხადა ილჰამ ალიევმა სიტყვით გამოსვლისას.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება.


შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.

28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.

100 000-ზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღის რეგიონი დატოვა. სომხეთი ბაქოს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს.

გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.

მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები.