ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთისთვის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარება პრიორიტეტულია. მან შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დღეს ყაზახეთი აქტიურად არის ჩართული ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ პროექტებში, პრიორიტეტს ანიჭებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, ანუ შუა დერეფნის) განვითარებას. მისი პოტენციალის გაზრდის მიზნით, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საგზაო რუკის მოთხოვნებს ასრულებენ, რათა ერთდროულად აღმოიფხვრას დაბრკოლებები და განვითარდეს შუა დერეფანი, რაც 2027 წლამდე მნიშვნელოვნად გარდის გამტარუნარიანობას,“აღნიშნა სმაილოვმა.
2022 წლის 25 ნოემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო და სატრანსპორტო მინისტრების შეხვედრა, სადაც მხარეებმა ხელი მოაწერეს საგზაო რუკას 2022-2027 წლებში „შუა დერეფნის“ განვითარებისა და „ვიწრო“ მონაკვეთების შეთანხმებულად აღმოსაფხვრელად.
2023 წლის 19 იანვარს, შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, ხაზი გაუსვა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო „დიდ კაპიტალდაბანდებას ახდენს ინფრასტრუქტურაში.“
7 აპრილს, პრეზიდენტმა ალიევმა, - როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო აზერბაიჯანში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით მუშაობენ „შუა დერეფნის“ იმპლემენტაციაზე.“
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.
TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.
ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.