დაახლოებით, ერთი თვის წინ, ევროკავშირისა და EBRD-ის შუალედური დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ალიხან ისმაილოვმა, საქართველოში ვიზიტისას განიხილა ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობა.
სმაილოვის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწორედ შუა დერეფნის საკითხს. უფრო ადრე, რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით და ევროპულ ბაზარზე ექსპორტისთვის, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. გერმანიამ ყაზახეთს მხარდაჭერა აღუთქვა. ბერლინმა და ასტანამ შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებაც დაგეგმეს.
უკვე თბილისში ვიზიტისას ყაზახეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების დროს მოხდა პოზიციების თანხვედრა მასზედ, რომ საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანს-კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერადად გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30 პროცენტით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-2027 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“,- განაცხადა ალიხან სმაილოვმა.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ საგზაო რუკაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობა ახსენა.
„შუა დერეფანი ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და შუა დერეფანი გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშუტის მეშვეობით „შუა კორიდორში“.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5-წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ.
ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე.
მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, - განაცხადა თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
თურქეთში ატლანტიკური საბჭოს ყოფილი უფროსი თანამშრომელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარების გზებს განიხილავს. ბრაიზა პირველ რიგში, პორტებში ინვესტიციების განხორცილებას გადაუდებელ საჭიროებად მიიჩევს.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, თითქმის 30 წელი მუშაობდა, რომ სატრანსპორტო კავშირები განევითარებინა. ვსაუბრობ ერთი მხრივ, კასპიის დიდ რეგიონზე, მეორე მხრივ, შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაზე.
ერთმანეთთან თანამშრომლობით, საერთაშორისო და ეროვნული გაზის კომპანიების თანამშრომლობით, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი მთელ შუა დერეფანს, რათა განგვევითარებინა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთ კავკასიური გაზსადენი.
შემდგომში, ეს სატრანზიტო კავშირები გაფართოვდა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ხაზამდე, ასევე, ალათის პორტამდე, აზერბაიჯანში და თურქმენბაშის პორტამდე, თურქმენეთში, შემდგომში გაფართოვდა აქტაუს პორტამდე, ყაზახეთში.
მოგეხსენებათ, ახლა ტვირთის დიდი მოცულობის გატარება მოუწევს შუა დერეფანს, რომელიც რუსეთს აუვლის გვერდს მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა. ამდენად, სასწრაფოდ საჭიროა ინვესტიციების გაფართოება მათ შორის პორტებში, რეალურ შესაძლებლობებში - გზებში, პორტების ოპერაციების ეფექტიანობაში და ასე შემდეგ.
იმედი მაქვს, რომ მალე აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, რაც ზანგეზურის კორიდორს შესაძლებლობებს მისცემს. ეს კორიდორი დამატებით კავშირს უზრუნველყოფს აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე, აზერბაიჯანის ნაწილამდე და შემდეგ გაგრძელდება თურქეთისკენ. ეს შუა დერეფანს შესაძლებლობას მისცემს, თავისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოოს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.
იმ ფონზე, რომ რუსეთი და ირანი ახალი 3,000-კილომეტრიანი ტრანსკონტინენტური სავაჭრო მარშრუტის გაყვანას გეგმავენ, რომელმაც ერთმანეთთან ევროპის აღმოსავლეთ ნაწილი და ინდოეთის ოკეანე უნდა დააკავშიროს, ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ შუა დერეფანი ტრანსატლანტიკური საზოგადოების კეთილგანწყობას იმსახურებს.
„მე ვიცი, რომ მცირე მოცულობის ტვირთმა დაიწყო გადაადგილება ავღანეთისა და პაკისტანის გავლით. რა თქმა უნდა, „თალიბანთან“ მუშაობა დიდი გამოწვევაა, მაგრამ რაც ჩემთვის არის ცნობილი იმ ადამიანებისგან, რომლებიც ლოგისტიკაში ერკვევიან, არის ის, რომ „თალიბანის“ მმართველობის ქვეშ, უბრალოდ უნდა იმუშაო ერთ ხელისუფალთან, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე ადრე, როდესაც მრავალი ან რეგიონული ლიდერების დონეზე წყვეტდნენ ამ საკითხს. მაგრამ შუა დერეფანი, როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნების გაერთიანების გზა (რა თქმა უნდა, მათ შორის ყაზახეთი) და მარშრუტი, რომელიც კვეთს კასპიის ზღვას, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს, გეოპოლიტიკურად ტრანსატლანტიკური საზოგადოების კეთილგანწყობას იმსახურებს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.
შეგახსენებთ, Europetime-თან კომენტარში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. აქედან გამომდინარე აშშ მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას, რომლის მიზანიც ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის ყველაზე პერსპექტიული სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირებაა.
„ევროკავშირისა და EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, რკინიგზის, გზების აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდისა და საზღვრებზე ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ინვესტიციებია საჭირო. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა: ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს“, - მიიჩნევენ ვაშინგტონში.
სატრანსპორტო მარშრუტებზე საბოლოო ანგარიში, რომლის მიზანს ასევე წარმოადგენდა ქსელის განვითარებისთვის ძირითადი ქმედებების შეთავაზება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით, 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება.
„ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის წინასწარი დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN) (მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.
TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.
(TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.
კვლევის ორი ძირითადი მიზანი
პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა;
მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება.
კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა.