საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე უცხოურ გამოცემებთან ინტერვიუში ისაუბრა.
პრეზიდენტი არჩევნებზე აქტიურად ჩართულობას ელის ევროკავშირისგან.
„მომავალი წლის ბოლოს არჩევნები გვაქვს და ამ არჩევნებზე ნამდვილი ევროპული მომავალი გადაწყდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, რომელსაც ვაჟღერებ აქ და სხვა ევროპულ დედაქალაქებში: - რომ ევროპამ ასე, უბრალოდ არ მოგვცეს სტატუსი, არ გადმოგვიგდოს როგორც საღრღნელი ძვალი, არამედ, ამ სტატუსს თან უნდა ახლდეს ევროპული თანადგომა, ჩართულობა, სწორედ არჩევნებზეც, რათა საშუალება მოგვცეს, გადავლახოთ ეს ეტაპიც, რომელიც ახალი, დემოკრატიული ეტაპია, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ერთი პარტიის რეჟიმიდან ნამდვილ, კოალიციურ მულტიპარტიულობაზე,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
არჩევნების საკითხზე, პრეზიდენტმა France24-თან ინტერვიუშიც ისაუბრა: “2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება, შეიძლება, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან.“
„იმედი მაქვს, რომ იქნება თუ გვექნება დემოკრატიული არჩევნები, ეს საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია, ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.