პრემიერისა და პრეზიდენტის გზავნილები “პარიზის მშვიდობის ფორუმიდან“

10 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში - მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე.”

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად მონაწილეობდა დისკუსიაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავდა - “მულტიკრიზისიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე.”


პრემიერმა ისტორიული მიღწევა უწოდა ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„მქონდა პატივი, 2014 წელს ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე; თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაც გავაფორმეთ ევროპასთან; უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოგვენიჭა ევროკავშირის ტერიტორიაზე; გასული წელიც ისტორიული აღმოჩნდა, რადგან ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა; 2 დღის წინ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროკომისიის მიერ.


მან რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ისტორიული მიღწევაა! რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩემს მთავრობას და ჩვენს მმართველ პარტიას ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელიც შეუქცევადია და გულისხმობს ევროპასთან დაახლოებას; ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას გულისხმობს. ამ მიმართულებით მივდივართ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ამ ეროვნულ - ასე ვთქვათ - გეგმას ვუახლოვდებით,” -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა პანელურ დისკუსიაზე უპასუხა შეკითხვას არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა „მიმდინარე ომებთან და კრიზისებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში.“

„კითხვის ავტორმა აღნიშნა მიმდინარე კრიზისი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. საქართველო გმობს ტერორიზმს, ტერორისტულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. გავიმეორებ, რაც თავიდან ვთქვი, ქვეყნებს სჭირდებათ გადაწყვეტილება, თუ თქვენ ვერ მოაგვარეთ ომით საკითხი, უნდა დასხდეთ და მოლაპარაკება აწარმოოთ, ეს გახლავთ ჩემი საბოლოო პოზიცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


ამავე დისკუსიის დროს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხრიდან.


„ჩვენ შეშფოთებული ვართ და გვაინტერესებს, როგორ განვითარდება ვითარება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ, საქართველო, სომხეთი მცირე ქვეყნები ვართ, მაგრამ ძლიერი ერები. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი ერები მსოფლიოში და ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ სტაბილურობა და აყვავება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩემი პოზიცია გახლავთ, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ერს სჭირდება სიცხადე, პროგნოზირებადობა. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, ვერ ვხედავთ, რა იქნება მომავალში. ვის შეუძლია, მოაგვაროს ასეთი ტიპის პრობლემები? დიდ ქვეყნებს შეუძლიათ, ზესახელმწიფოებს.


ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, განვმეორდები, მათ სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო და დავადასტურო, რომ საქართველო დაინტერესებულია, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, ჩვენი მუხლმოუხრელი და ბრძნული პოლიტიკით. ეს გახლავთ ერთადერთი არჩევანი, რაც საქართველოს აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მან სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს მედიაციის როლზეც გაამახვილა ყურადღება.

„ორი წლის წინ ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ მედიაცია, შუამავლობა. ეს იყო ერთ-ერთი პრეცედენტი მედიაციის, რომელიც შევქმენით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან, როდესაც 15 ტყვე გაათავისუფლა აზერბაიჯანმა ქართული შუამავლობით და სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკა. საქართველოს შეუძლია, მიაღწიოს აღნიშნულ შედეგებს და ნდობა აქ გადამწყვეტია, რადგან თუ ვინმე შუამავლობას, მედიაციას სთავაზობს, ორივე მხარე უნდა ენდობოდეს მას. ნდობა თუ არ იქნება, არ იქნება წარმატებული შუამავლობა და დავოსში გავაკეთე განცხადება იანვარში. შეიძლება, მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ, მაგრამ უნდა არსებობდეს თანამშრომლობა. მოლაპარაკების, მშვიდობიანი დიალოგის გარეშე არ დაისადგურებს მშვიდობა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერის თქმით, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და “ეს ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი რეალობისთვის.“

„დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია მოუგვარებელი, კრიზისი და ვინ იტანჯება ამ კრიზისისგან? მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები. ვცხოვრობთ იმ ერაში, სადაც არსებობს გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადი გარემო. ჩვენ ვიხილეთ ომი უკრაინაში, რომელიც მიმდინარეობს, მის დასრულებას ვერ ვხედავთ. ვხედავთ კრიზისს ახლო აღმოსავლეთში, რაც ძალზე საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტებს საქართველოში.


მაგალითისთვის, ვხედავთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და გადაწყვეტილება არ ჩანს. მრავალი კონფლიქტი დავინახეთ აფრიკაში, მსოფლიოს მრავალ რეგიონში. გადაწყვეტილება და პასუხი ყველა ამ კონფლიქტზე უნდა გახდეს მშვიდობა. ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა იყოს მიღწეული.“

„ჩვენ ვნახეთ კიდევ დიდი ომის დაწყება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთი წლის წინ უკრაინაში. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის. გვინდა თუ არა, ვეცდებით თუ არა, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია და კონფრონტაცია, სამწუხაროდ, ომი ყველა ჩვენგანზე ზეგავლენას ახდენს. ომი ჩვენს მეზობელ რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეშფოთების საგანია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერის განცხადებით, საქართველოს ინტერესია უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში.

„ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ, მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიებს ვკარგავდით. ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ომი არ არის საქართველოში. ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ, ვაძლიერებთ, ვამდიდრებთ ქვეყანას და ეს გახლავთ ისეთი რამ, რასაც მოაქვს აყვავება ჩვენი ხალხისთვის, მოსახლეობისთვის.

გამოწვევა ოკუპაციასთან დაკავშირებით არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. რატომ ვაცხადებ ამას? რადგან არის ისეთი საკითხები, რომელსაც დაუყოვნებლივ ვერ მოვაგვარებთ. საჭიროა მოთმინება, ხანგრძლივი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ამას უნდა მიჰყვე, უნდა იყო თანმიმდევრული აღნიშნული გეგმის მიღწევაში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


როგორ ხედავს ქვეყნის შემდგომ გზას. სალომე ზურაბიშვილმა მოდერატორის ამ შეკითხვას უპასუხა - მან გამოსვლა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციაზე საუბრით დაიწყო.

 
„ორი დღის წინ, კომისიამ საბოლოოდ მიიღო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გადაწყვეტილება - მომდევნო დღეს ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა არა ევროკავშირის მომხრეთა ჩვეული 80%, არამედ, 85%.

არ ვიცი, უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა თუ შეგვიძლია, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რომ 75% ევროკავშირის მომხრეა უსაფრთხოების გამო. ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება, რადგან რეკომენდაციის გადაწყვეტილებამდე, ერთი დღით ადრე, რუსეთმა, როგორც მას ეს დიდი ხანია სჩვევია, ისევ ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ ხაზთან მოკლა ჩვენი ერთი მოქალაქე და მეორე კი, მძევლად აიყვანა.

ეს არის ის, რაც პერიოდულად ხდება. ისინი [რუსები] აფხაზეთის აეროპორტს იკავებენ და შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან, შავ ზღვაზე საკუთარი ფლოტისათვის. ასე რომ, ეს არის რუსეთი. იმედი კი ევროკავშირშია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „უსაფრთხოება სრულად გარანტირებული არ არის, რასაც მისი შეფასებით, დრო სჭირდება.“

„სავარაუდოდ, იმდენი დრო, რამდენიც დასჭირდება საქართველოს სრულფასოვან წევრობას, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ევროკავშირი დანახულია ადგილად, სადაც შენ ბოლოს და ბოლოს უსაფრთხოდ იქნები,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.


„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც ევროკავშირში რამდენიმე წლის წინ გაწევრიანდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისაა, რასაც დღეს უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მიმართ გრძნობენ, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთს გადაწვდომა არ შეუძლია. ფაქტია, რომ რუსეთი არ იცვლება. ის იმპერიალისტურ ძალად დარჩა. შეიძლება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული და ზოგადად, დასავლური ძალები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაბრმავებულნი [რუსეთის მიმართ], როგორც ამას სილვი კოფმანი წიგნში Les aveuglés აღწერს. მათ ახლა აღმოაჩინეს რუსეთის რეალობა.


უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის რეალობაა, რომელიც არ შეიცვლება, სანამ რუსეთი საბოლოოდ არ მიხვდება, რომ მას, ისევე როგორც სხვა, ნებისმიერ სახელმწიფოს მსოფლიოში აქვს საზღვრები, რომელსაც მან პატივი უნდა სცეს.

ნებისმიერ რუსს, რომ სთხოვოთ თავისი ქვეყნის საზღვრების დახატვა - ზოგიერთები ამ საზღვრებში უკრაინას მოაქცევენ, სხვები საქართველოს, ზოგიერთები კიდევ სხვადასხვა ადგილებს. მათ არ იციან [სად გადის მათი საზღვრები]. თუ მას [ევროპას] სურს კონტინენტის არქიტექტურის რეკონსტრუქცია, ჩვენი და ევროკავშირის მოვალეობაა, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ბოლოს და ბოლოს გაიგებს [რომ მას საზღვრები გააჩნია],“ - განაგრძო პრეზიდენტმა.


  • სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი და მთავარი მიზანი იქნება, როდესაც დრო მოვა; როდესაც უკრაინა ჩათვლის, რომ მან მიაღწია მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზანს, ამის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ყველა უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს, სად გადის მისი საზღვრები. 

„ეს არის მეზობლების ურთიერთპატივისცემის დასაწყისი, ეს არის კოოპერაციის დასაწყისი. ეს აბსოლუტური აუცილებლობაა. თუ ხვალ ევროკავშირს სურს, ჰქონდეს შავი ზღვა (რომელიც ევროპული ზღვა გახდა), როგორც თანამშრომლობისა და კავშირებადობის ზღვა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს, რადგან ეს ხვალინდელი მსოფლიოსათვის აუცილებლობაა, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ არ ვუბიძგებთ რუსეთს ნორმალურობის რაიმე ფორმისკენ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


ცნობისთვის, პარიზის მშვიდობის ფორუმი 10 ნოემბერს გაიხსნა და 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნის შემდეგ, ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მანამდე განაცხადეს, რომ პრეზიდენტს ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.


სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება.

„ნებსით თუ უნებლიეთ, ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.