იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საუბრისას განაცხადა, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი არის დახურული და არ განიხილება.
„ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, მიუთითებს ერთ რამეზე, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ.
ერთი მხრივ, გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე ჩვენ გვთხოვენ ბარიერი დავუწიოთ, რომ იქნებ როგორმე გადალახონ და შეძლონ პარლამენტში შესვლა. ეს მეტყველებს რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსიც კი არ გააჩნიათ. საარჩევნო ბარიერი დადგენილია 5%-იანი ბარიერის სახით, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, არ განიხილება.
ჩვენ საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხს არ განვიხილავთ. კეთილი ინებოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მოემზადონ არჩევნებისთვის, უზრუნველყონ მათი რესურსის მობილიზება და თანასწორ, კონკურენტულ, სამართლიან პირობებში გავიდეთ ამომრჩეველთან და ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ვინ იმსახურებს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და მოხვდეს პარლამენტში და ვინ არა. შესაბამისად, საკითხი, რომ ჩვენ შეიძლება განვიხილოთ საარჩევნო ბარიერი არის დახურული, დღის წესრიგში არ დგას და არ განიხილება," - განაცხადა ოხანაშვილმა.
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 9 ნაბიჯში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით, 2024 წელს და შეასრულოს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები.
ირაკლი კობახიძემ გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები და 2024 წლისა და ყველა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5 პროცენტიდან 2 პროცენტამდე დაწიოს, თუ ქვეყანა მიიღებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
დღეს, 13 ნოემბერს, კითხვას, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევას, თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს, რომ ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვა არ განიხილება.
„ირაკლი კობახიძის დაპირება, როდესაც იყო ბარიერთან დაკავშირებით, მაშინ რომ მიეცათ სტატუსი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას. არ ვაპირებთ ამის გადახედვას. ხომ აქვთ პრეტენზია და ამბობენ, რომ მხარდაჭერა გვაქვს, ძლიერი პოლიტიკოსები ვართო. აგერ არის 5%-იანი ბარიერი და გადალახონ. თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ, რა პრეტენზია გაქვს პოლიტიკოსობაზე? ეს ბარიერი დარჩება და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები მიიღებენ ხმებს იმის მიხედვით, თუ ვის როგორი მხარდაჭერა აქვს საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ პირობის შეუსრულებობაში ადანაშაულებს.