"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს ჩინეთთან დაკავშირებული კომენტარის გამო აკრიტიკებს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ასევე აცხადებს, რომ „ზურაბიშვილი უხეშად არღვევს კონსტიტუციას.“
„სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ. ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს. ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ სალომე ზურაბიშვილად, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა, ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდეც რადიკალიზმის ხარისხის ქმედებებით, თუ საუბრით ჩვენს ოპოზიციონერ რადიკალ დეპუტატებს, თუ ოპოზიციონერებს.
სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების მოხდა. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით. იმდენად დამზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში.
რომ არა ჩვენი ეს გადაწყვეტილება, იმპიჩმენტის საკითხი, რომლითაც მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ეს ადამიანი უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ამ დარღვევის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი, ათასჯერ უარესს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.
ეს ქალი ამბობს, რატომ არ მიშვებენ ევროპაში, რატომ არ შემიძლია წარმოვადგინო მთავრობა, რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას, რომ მათი სახელით ვისაუბრო სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობაში, როდესაც ასე უხერხულ საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს ხალხს და ხელისუფლებას,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.