რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ე.წ. საზღვარზე ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით კირბალში მომხდარი "ინციდენტის" შემდეგ, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს. მინისტრის მოადგილზე ქართველებს ადანაშაულებს ე.წ. საზღვრის კვეთაში.
ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
„საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში," - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გალუზინისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ.
ლავროვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.
ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული 9 ნოემბერს გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა.
შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“
განცხადება გაავრცელეს საერთაშორისო პარტნიორებმა. მკვლელობა დაგმეს ევროკავშირმა და აშშ-მ.