დანიგანი USAID-ის მიმართ პრეტენზიებზე: იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი "რევოლუციურ სცენართან" USAID-ის დაკავშირებას სასაცილოდ მიიჩნევს.

„თუკი თქვენი შეკითხვა სწორად გავიგე, დავიწყებ წინაპირობით, რომელიც იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს - არა იმაზე, რაც თქვენ თქვით, არამედ რაც სხვებმა თქვეს USAID-ის ჩართულობაზე, განაცხადა რობინ დანიგანმა. 

ელჩმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე გააკეთა აქცენტი.


„არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 31 წელიწადზე მეტია საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე შეერთებული შტატები. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი აშშ დოლარი დახმარების სახით. ვმუშაობთ ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სკოლებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, სამხედროებთან - საზოგადოების ყველა სეგმენტთან, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყანას გაძლიერებაში, ეკონომიკურად მეტად განვითარებაში და ვთვლი, რომ ნამდვილად დავეხმარეთ საქართველოს იმის მიღწევაში, სადაც დღეს არის. ის, რომ თითქოს არის რაღაც შეთქმულების ქვედა დინება, სადაც შეერთებული შტატების მთავრობა და მისი უწყება ცდილობს აქ მსგავსი რამის ჩადენას, იმდენად სასაცილოა, რომ ნამდვილად არ ვთვლი ეს იმსახურებდეს ამაზე ლაპარაკში ჩემი დროის დახარჯვას. რასაც ვიტყოდი, არის, რომ USAID-ი, მე წარმოვადგენთ პოლიტიკებსა და პროგრამებს, რომელთა საქართველოში განხორციელებასაც აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და USAID-ის ადმინისტრატორი სამანთა პაუერი - მთელი ჩვენი მთავრობა უჭერს მხარს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავრობაში, თუკი ეს მთავრობა არჩეულია თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში", - განაცხადა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.


ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე მორიგი განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა.