ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს და სი ძინპინს გულახდილი და კონსტრუქციული დისკუსია ჰქონდათ არაერთ ორმხრივ და გლობალურ საკითხზე. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს და ჩინეთს კონკურენტული ბრძოლა აქვთ და, რომ შეერთებული შატატები ყოველთვის დაიცავს თავის ინტერესებს და ფასეულობებს და მოკავშირეებს და პარტნიორების. ჯო ბაიდენის თქმით, მსოფლიო აშშ-ისა და ჩინეთისგან მოელის კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას, რათა ის არ გადაიზარდოს კონფლიქტში, კონფრონტაციაში, ან ახალ ცივ ომში.
სამხედრო კონტაქტების განახლების გარდა, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ სხვა საკითხშიც. მათ შორის განახლდება თანამშრომლობა ნარკოტიკების უკანონო წარმოების და ბრუნვის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა ასევე, დაადასტურეს, რომ აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის მოწინავე სისტემებთან დაკავშირებული რისკების დაძლევა და უსაფრთხოების გაზრდა. ბაიდენი და სი ასევე, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა ორ ქვეყანას შორის რეგულარული სამგზავრო ავიარეისების გასაზრდელად.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის არასამართლიანი სავაჭრო პოლიტიკის, არასაბაზრო ეკონომიკური პრაქტიკის და ამერიკული კომპანიებისადმი სადამსჯელო ზომების გამო.
შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინისა და ისრაელის შესახებაც. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განაგრძობს რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭრას, რათა უკრაინა ომიდან გამოვიდეს როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა. ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ტერორიზმისგან ისრაელის თავდაცვის უფლებას და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანამ თავისი გავლენა უნდა გამოიყენოს კონფლიქტის გაფართოების აღსაკვეთად.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა ჩინეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და ხაზი გაუსვა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. საუბარი იყო ტაივანზეც. ჯო ბაიდენმა თქვა რომ აშშ ეწინააღმდეგება რომელიმე მხარის მიერ სტატუს-კვოს ცალხმრივად შეცვლას და მხარს უჭერს უთანხმოების მშვიდობიანი გზებით მოგვარებას.
თავის მხრივ, სი ძინპინმა ტაივანის საკითხს უწოდა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყველაზე დიდი და სახიფათო პრობლემა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიწოდება. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, ჟურნალისტებს უამბო, რომ სი ძინპინმა ჯო ბაიდენს უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანში შეჭრას არ აპირებს და უპირატესობას მშვიდობიანად გაერთიანებას ანიჭებს, თუმცა, კონკრეტულ გარემოებებში შესაძლოა, ძალაც გამოიყენოს.
ჩინეთის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის მიერ მიღებული ეკონომიკური ზომების, მათ შორის სანქციების და ჩინეთის ტექნოლოგიების სფეროში ამერიკული ინვესტიციების შეზღუდვის გამო. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენთან შეხვედრისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინი მზად არის ვაშინგტონთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისთვის, რომლებიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემას, მშვიდობიან თანაარსებობას და ურთიერთმომგებიან თანამშროლობას.
კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინის პირველი, პირისპირ შეხვედრა 2022 წლის ნოემბერში გაიმართა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერთა სამიტის ფარგლებში.