CNN-ის კორესპონდენტის შეკითხვას, ისევ მიიჩნევს თუ არა სი ძინპინს დიქტატორად, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ მართავს კომუნისტურ ქვეყანას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის მეთაური დიქტატორებს 2023 წლის ივნისშიც შეადარა, როცა კალიფორნიაში, ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე საუბრობდა ამერიკელი სამხედროების მიერ ჩინური აეროსტატის ჩამოგდებაზე. ივნისში, ბაიდენის ამ განცხადებას ჩინეთისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პეკინმა აშშ-ის ლიდერის სიტყვები „აბსურდულ და უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პროვოკაციად" შეაფასა.
15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს.