ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. შესაბამის ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა სან-ფრანცისკოში გაიმართა.
„ჩინეთს არ აქვს გეგმები, დაამარცხოს შეერთებული შტატები და შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. ორივე მხარემ უნდა გაიგოს ერთმანეთის პრინციპები და ძირეული ხაზები, არ შექმნას ან არ გამოიწვიოს პრობლემები ან გადალახოს საზღვრები, ამის ნაცვლად, უნდა ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია, განსხვავებებისა და ინციდენტების მშვიდად მოგვარება,“ - აღნიშნა სი ძინპინმა.
სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი არ დებს ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არ ერევა მის შიდა საქმეებში და აშშ-მაც არ უნდა დადოს ფსონი ჩინეთის წაგებაზე, თავი შეიკავოს ჩინეთის საქმეებში ჩარევისგან. „ჩინეთი არ ეძებს გავლენის სფეროებს. არავისთან ვაპირებთ არც ცივ და არც ცხელ ომს,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
ჩინური მედიის ცნობით ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, კომუნიკაციის შენარჩუნებისა და კონფლიქტების პრევენციის აუცილებლობას. შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ განაახლონ მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაცია და ითანამშრომლონ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განაახლონ შეხვედრები თავდაცვის სამინისტროებს შორის და საზღვაო სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონსულტაციები.
15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოს მახლობლად გამართულ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და სი ძინპინი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ. კონტაქტი ჩინეთმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა ტაივანში, რომელზეც პეკინი პრეტენზიას აცხადებს.