სახალხო დამცველი ქართველ ტყვეებზე: ამ ეტაპზე ჩართულნი არ ვართ, რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციის აუცილებლობას ვერ ვხედავ

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, ომბუდსმენის აპარატი ტყვედ ჩავარდნილი უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი ჯარისკაცის გამოხსნასთან დაკავშირებულ საკითხში ჩართული არ არის.


მისივე თქმით, მას რუს კოლეგასთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეს საჭირო არ არის.

„ჩვენ ამ ნაწილში ამ ეტაპზე ჩართული არ ვართ. თუ ჩართვის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით. აქ საუბარია სახალხო დამცველის მხრიდან შესაბამის კოლეგა-უწყებასთან კომუნიკაციაზე. შესაბამისად, საუბარია რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციაზე, რაც მე არ დამიმყარებია ჯერჯერობით და ამის აუცილებლობას ახლაც ვერ ვხედავ.

რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათთან კავშირზე ვართ და გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა და როგორ ხდება. რაც შეეხება უფლება-დაცვის კუთხით, ამ ეტაპზე მე არანაირი კომუნიკაცია ჩემს რუს კოლეგასთან არ მქონია,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.


“ქართველების ტყვედ ჩავარდნის შესახებ“ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ნოემბერს გაავრცელა. მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს „ქართულ ლეგიონთან“ შეხება არასოდეს ჰქონიათ. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ტყვედ აიყვანეს ერთ-ერთი ოპერაციის დროს.

საგარეო უწყების განცხადებით, ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებენ. ირაკლი კობახიძის თქმით, “საქართველოს არ აქვს რესურსი, იმუშაოს ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან.“