ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა სიმონა გრანატა-მენჯინმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციისთვის საჭიროა არა ინდივიდუალური, არამედ სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ამას “დეოლიგარქიზაციას” არ ვუწოდებთ, ჩვენთვის ეს ქვეყნის დემოკრატიული ცხოვრების, საჯარო სივრცეში ფულის არსებობის პრობლემაა… და ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფული დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. საქართველოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ჩვენი მოსაზრების შესახებ მოთხოვნა მივიღეთ, უკრაინაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მოსაზრების შემდეგ, მსგავსი კანონი იყო მოლდოვის რესპუბლიკაშიც.
ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ დემოკრატიულ პროცესებში ფულის არასათანადო გავლენის პრობლემა არ უნდა იქნას მოგვარებული კანონებში, რომლებიც პიროვნებებს იღებს სამიზნეში. ასე არ მუშაობს ეს, მივიჩნიეთ, რომ ეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს არ შეესაბამება, არ შეესაბამება ძალაუფლების დანაწილებისა და პლურალიზმის პრინციპებს. ასე, რომ ვთქვით, რომ პრობლემას ასე არ უნდა გაუმკლავდეთ. ვთქვით, რომ საჭიროა სისტემური მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ამ არასათანადო გავლენას ყველა სივრცეში უნდა ებრძოლოთ, სადაც კი არსებობს.
ინდივიდუალური კანონები და კანონები, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს იღებს სამიზნეში - ამის მოგვარების გზა არაა. სამი კანონიდან - უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოში - საქართველოსა და მოლდოვაში კანონპროექტები მიტოვებულ იქნა და უკრაინაში მისი განხორციელება არ ხდება. სამაგიეროდ ხდება სტრატეგიების, სისტემური სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც რამდენიმე სივრცეს ეხებიან. ასეთი სამოქმედო გეგმაა აქ და მგონი, მოლდოვაშიც.
ჩვენ სამოქმედო გეგმებს არ ვაფასებთ, ვენეციის კომისია სამართლებრივ ტექსტებს აფასებს, და ეს კანონი არაა, ამიტომ არ ვაპირებთ [დეოლიგარქიზაციაზე] სამოქმედო გეგმის შეფასებას საქართველოში, ისევე, როგორც არ ვაფასებთ მას მოლდოვაში ან სხვაგან. ეს არ ნიშნავს, რომ ის მოგვწონს ან არ მოგვწონს,” - განაცხადა გრანატა-მენჯინმა.
ვენეციის კომისია საქართველოსთვის მთავარ საკითხებად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს აყენებს.
„შეიძლება ითქვას, ზოგადად და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, საზოგადოების ყველაზე ფართო წრეებთან კონსენსუსის, შეთანხმების მიღწევა. ეს ეხება მთავარ საკითხებს - საარჩევნო რეფორმას და სასამართლო რეფორმას. საუბარი არის იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ, მონაწილე მხარესთან იყოს ჩართულობითი და იყოს, რაც შეიძლება ფართო კონსულტაციები. კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი პრინციპი გახლავთ ის, რომ მნიშვნელოვანია დაწესებულებებს შორის კარგი, ნორმალური თანამშრომლობა. ეს პრაქტიკაში რთული მისაღწევია, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა გრანატა-მენჯინმა.
მსისივე თქმით, რომ ძირითადი გახლავთ საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, ასევე, რაც შეიძლება მეტ დაინტერესებული მხარის ჩართვა ამ პროცესში.
თავის მხრივ, ვენეციის კომისის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრედომ განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოს ყველანაირად დაუჭირონ მხარი თავისი კონსულტაციით, მოსაზრებებით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„ჩვენი დანიშნულება არის, რომ ვაჩვენოთ საქართველოს მისდამი ჩვენი ერთგულება გზაზე, რომელსაც საქართველო გადის ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ რეკომენდაციებზე, რომელსაც ვენეციის კომისია გამოსცემს და მათ შესრულებაზე.
ეს რეკომენდაციები გახლავთ მინიშნებები. ასევე მასში მოცემულია, წითელი ხაზები. თუმცა თუ როგორ აირჩევს საქართველოს ხელისუფლება, საქართველო, როგორ აირჩევს ამ მინიშნებების მთავარი რეკომენდაციების შესრულებას, ეს გზები უკვე მისი გადასაწყვეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ვართ ექსპერტების გუნდი. ჩვენი დანიშნულება არ არის ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ საქართველოსთან ერთად ვიაროთ ამ გზაზე, დიალოგის გზით,“ - განაცხადა მაიკლ ფრედომ.
მანვე აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს შემადგენელი ორგანო, მაგრამ ევროკავშირი მის დასკვნებს მაინც უთითებს.
ვენეციის კომისიის წევრის ეირიკ ჰოლმოვიკის თქმით, როდესაც საუბარია განსაკუთრებით სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე, რეკომენდაცია არის ის, რომ ეს რეფორმები ხელისუფლებამ განიხილოს მთლიანობაში, ერთ-ორი წესის ან გარკვეული პროცედურების შეცვლა საკმარისი არ არის.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დელეგაციის წევრებმა ილაპარაკეს, ეხებოდა „დეოლიგარქიზაციის კანონს“. ვენეციის კომისიის მდივანმა განმარტა, რომ მათთვის მიუღებელია კონკრეტულ პირებზე მორგებული კანონები.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამას არ ვეძახით დეოლიგარქიზაციის კანონს. სწორად უნდა გავიგოთ, ჩვენ, ასე ვთქვათ, რა გვაინტერესებს. ეს არის, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ნაცვლად, ფული რაღაც საკითხებს სხვანაირად წვეტს. ეს არის თუ შეიძლება ითქვას, დასამარცხებელი. უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში წამოწეული იქნა დეოლიგარქიზაციის კანონები. მაგრამ, საქმე ის არის, რომ ეს კანონები ორიენტირებული იყო... ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღებას. ჩვენი მიმართულება არის ის, რომ ფული არ უნდა ერეოდეს დემოკრატიულ პროცესებში და არ უნდა ცვლიდეს მას. ამიტომ, საქართველომ უარი თქვა ამ კანონის გატანაზე, რადგან ჩვენი აზრით, ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, პლურალიზმს და ა.შ. საქართველომ და მოლდოვამ უარი თქვეს, ხოლო, უკრაინაში არ აღსრულდა ეს კანონი. ამის ნაცვლად, გადაწყდა, რომ მიღებული იყოს სტრატეგიები. ჩვენ სწორედ, სისტემურ მიდგომას ვითხოვდით. ჩვენ ვერ შევიმუშავებთ დასკვნას სტრატეგიაზე, იმიტომ, რომ ვენეციის კომისიას შეუძლია შეაფასოს მხოლოდ კანონმდებლობა,“ - განაცხადა სიმონა გრანატა-მენჯინი.