ყაზახეთი ამზადებს პროგრამებს, რომლებიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) ფარგლებში პროექტების დაფინანსების გაზრდას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ბაუირჟან კუდაიბერგენოვმა ბაქოს მდგრადი განვითარების მეორე ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო გეოპოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება.
„შედეგად, ყაზახეთი და აზერბაიჯანი დიდ ფსონებს დებენ შუა დერეფანზე. ჩვენი მხრივ, ჩვენ ვცდილობთ შევაგროვოთ თანხები და შევქმნათ საფუძველი შუა დერეფნისთვის. ახლა ვამზადებთ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს TITR-ის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში დაფინანსების გაზრდას და ინვესტიციების მოზიდვას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კასპიის წყლის კურიკის პორტის გაფართოებაზე, ჩინეთის საზღვრიდან კურიკის პორტამდე საავტომობილო გზების შექმნაზე, რომლითაც საქონელი გადაიზიდება საზღვაო გზით აზერბაიჯანში, შემდეგ კი, საქართველოში, თურქეთსა და ევროპაში.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა.
TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.
ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.