აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრიაზა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებს. ამერიკელი დიპლომატი აშშ-ის საელჩოს განცხადებას იშველიებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.
„შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება აღვიქვი როგორც გარკვეულწილად დაგმობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისა, ჩაეტარებინა რეიდი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და დაეკავებინა პარტიის ლიდერი ნიკა მელია. მანამდე საელჩოს მიდგომა უფრო მეტი ბალანსის დაცვის მცდელობას ნიშნავდა, რომლის მიზანიც როგორც ჩანს, პოლიტიკური ოპოზიციის დარწმუნება იყო, დაესრულებინათ ბოიკოტი და შესულიყვნენ პარლამენტში.
საელჩოსა და ამერიკის მთავრობის მიდგომიდან გამომდინარე უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად არსებობს აღქმა, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო რჩება ძალიან პოლარიზებული და დემოკრატიული ინსტიტუტები ნორმალურად არ ფუნქციონირებენ. საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს დემოკრატიაზე NATO-ს კრიტერიუმები, თუ მას საბოლოოდ მიიწვევენ ალიანსში.
იმედი მაქვს, ოპოზიცია იპოვის გზას და მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ნამდვილად იღებს პასუხისმგებლობას; მზად არის რთული პოლიტიკური სამუშაო ჩაატაროს და აიძულოს მთავრობა, დაბრუნდეს დემოკრატიისკენ. ეს რთული იქნება იმის შემდეგ, რაც მოხდა, როდესაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუპირისპირდეს ოპოზიციას, თუმცა თუ ოპოზიცია ასე იმოქმედებს, ამგვარი ძალისხმევა დაიმსახურებს აშშ-ს და ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის ლიდერი სპეცრაზმის საშუალებით გამოიყვანეს და დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში საპოლიციო დანაყოფებმა ე. წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.