ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის წილი აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირებაში 55%-ს შეადგენს

იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის მაგისტრალური მილსადენებით, 32 მილიარდ 963,9 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაზიდა, რაც წლიურად, 4 პროცენტით მეტია.

სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ათი თვის განმავლობაში, ბაქო-თბილისი-ერზრუმის (სამხრეთ კავკასიის მილსადენი - SCPK) გავლით გატარებული გაზი მთლიანი ტრანსპორტირების 55,2 პროცენტს შეადგენს. ამ მილსადენით ბუნებრივი აირის ექსპორტი გასული წლის შესაბამის თვეებთან შედარებით, 6,6 პროცენტით გაიზარდა და 18 მილიარდ 209,8 მლნ კუბური მეტრი შეადგინა.


ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიურის სახელითაც არის ცნობილი, „შაჰდენიზის” საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტირების მიზნით აშენდა. მილსადენი სათავეს ბაქოს ტერმინალთან ახლოს იღებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთის ქალაქ ერზრუმში მთავრდება, სადაც გაზის განმანაწილებელი კვანძი მდებარეობს. ხსენებული მილსადენი 2006 წლის ბოლოდან ამოქმედდა და მისი გავლით ’„შაჰდენიზის“ საბადოდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ხდება.