ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, ტექსასის შტატში „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქართული ღვინის მეექვსე ფორუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის რიგით მეექვსე ფორუმის ორდღიანი პროგრამა მოიცავდა კონფერენციას, რომელიც ქალაქ ოსტინში, ტექსასის უნივერსიტეტში და ქალაქ ჰიუსტონში, რაისის უნივერსიტეტში მეცნიერების, ეკონომისტების, მსხვილის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა.
განიხილებოდა ქართული ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია და მარკეტინკული პოტენციალი, ასევე, ღვინის გლობალური ბაზრის მდგომარეობის ასპექტები და სხვა აქტუალური საკითხები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი სტეფენ ბატიუკი, პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი პატრიკ მაკგოვერნი, ღვინის მაგისტრი ლისა გრანიკი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ სტორჩმენი და სხვები. კონფერენციის გამომსვლელებს მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში დავით ზალკალიანმა.
„ქართული ღვინის ფორუმი“, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ. „ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი“ იმართება,“ - აცხადებს სააგენტო.