ნათია თურნავა: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ შუა დერეფანში ფინტექის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ განვითარდეს, როგორც ფინტექის რეგიონული ჰაბი შუა დერეფანში.

საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მონაწილეობდა სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე და საკუთარი საგამოფენო სივრცე ჰქონდა, სადაც სებ-თან ერთად, თანამონაწილის სტატუსით "საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ სტარტაპი "ფეივი" იყვნენ წარმოდგენილნი. ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველო ფესტივალზე მთავარი გზავნილით - "ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი" წარსდგა.

 „საქართველო უკვე არის ლოგისტიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ტურიზმის ჰაბი და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ფინტექის ჰაბი - ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. შემდეგი ნაბიჯი სწორედ ქვეყანაში ფინტექ ინდუსტრიის განვითარება და ამ სფეროთი დაინტერესებული გლობალური ინვესტორებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება იქნება," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში შეკრებილ საზოგადოებას ასევე გააცნო ის ნაბიჯები, რაც სებ-მა ფინტექისა და ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ინვესტორებისთვის უკვე გადადგა. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს არის გამჭვირვალე და მოქნილი რეგულაციები ფინტექ კომპანიებისთვის, რაც მათ ბიუროკრატიულ პროცედურებს თავიდან არიდებს და უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში განვითარების საშუალებას მისცემს.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში გაიმართა. ფესტივალში წელს მსოფლიოს 140 ქვეყანა, 60 ათასზე მეტი მონაწილე და 10 000-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა.