2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 4191 გემი შემოვიდა, რომელთა 32.9 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდია, 28.9 პროცენტი - კონტეინერმზიდი, 28.4 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 9.8 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე, სამგზავრო და სპეციალიზებულ გემებზე ნაწილდება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 70.4 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 1.7 პროცენტით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი, 23.8 პროცენტით ნაკლები - გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი და 15.4 პროცენტით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.
„2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 16.5 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.0 პროცენტი - ლიბერიის, 15.0 პროცენტი - პანამის, 7.6 პროცენტი - მალტის, 6.0 პროცენტი - ვანუატუს, 4.3 პროცენტი - ბარბადოსის, 4.1 პროცენტი - ბულგარეთის, ხოლო 30.5 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3548.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.6 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთია, 29.5 პროცენტი - თხევადი ტვირთი, 26.9 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 5.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.1-ჯერ მეტია. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი შემოსული მგზავრების წილს მცირედით აღემატება და 50.8 პროცენტს შეადგენს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 5 102.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 683.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8 პროცენტით).
„2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 103.9 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 591.1 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 481.2 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 462.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 040.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 665.6 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა 1 762.0 მლნ. აშშ დოლარით დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 34.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 217.3 მლნ. აშშ დოლარით (4.3 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 589.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 928.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 445.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.5 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.