ნიკა მელიას დაკავება - დღეს დილიდან განვითარებულ მოვლენათა ქრონოლოგია

დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის თავჯდომარე ნიკა მელია სპეცრაზმის საშუალებით გამოიყვანეს. სამართალდამცველებმა ნიკა მელია, პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში დააკავეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა.

ამ დროისთვის ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. მელიას დაკავების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სპეცრაზმის შტურმის დროს, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა. შეტაკების დროს პოლიციამ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173 მუხლის დარღვევის ბრალდებით, 21 ადამიანი დააკავა.

დაკავებულებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები გიორგი ბოტკოველი და გიორგი ბარამიძე, ასევე აქტივისტები ზუკა ბერძენიშვილი და ირაკლი ფავლენიშვილი.

შსს-ს ცნობით, ნიკა მელიას გარდა, დღეს დილით დაკავებული ყველა პირი უკვე გათავისუფლებულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი - ჰოსპიტალიზირებული იყო. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს.

ოპოზიციამ მთავრობის ადმიისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაგეგმა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით კი, ადამიანების უფლებების სტანდარტით, არ შეიძლება წიწაკის გაზის გამოყენება იქ, სადაც ჰაერი არ არის შეღწევადი და ადამიანებს არ შეუძლიათ დაუყოვნებლივ გავიდნენ სუფთა ჰაერზე.

„იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გაზის გამოყენებით, დახურულ სივრცეში მიღებული ტკივილი აღწევს არადამიანური მოპყრობის და წამების ფორმებს. მათ შორის „სიპიტის“ 2014 წელს პირდაპირ აქვს საქართველოსთვის რეკომენდაცია გაცემული, რომ წიწაკის გაზი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

ამასთან, ლომჯარიას თქმით, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული. შსს-ს განცხადებით საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და კანონით გათვალისწინებული უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყოფილი იყო.

„შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალური ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა", - აცხადებენ შსს-ში.

„ნაციონალური მოძრაობის“, განცხადებით, პოლიციამ მათ ოფისში განხორციელებული შტურმის შემდეგ, ოფისში დამონტაჟებული კომპიუტერული ტექნიკა და სერვერები წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან მხოლოდ სერვერების წაღების ფაქტს ადასტურებენ. მათი თქმით, ოფისიდან სერვერების ამოღება, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

დღესვე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მათ ოფისზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„ქართული ოცნების“ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება. არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორების მწვავე განცხადებების საპასუხოდ აცხადებს, რომ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, კანონის მიმართ დაუმორჩილებლობასა და ძალადობის წახალისებას, ასევე კანონგარეშე თავის გამოცხადებას, დასავლეთის ქვეყნებშიც ანალოგიურად უპასუხებდნენ.

18 თებერვალს, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ.

იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მელიას საქმეზე „ქართულ ოცნებასთან“ შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას თქმით, ის თავიდანვე მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო. პრემიერის გადადგომის შემდეგ, შსს-მ განცხადება გავრცელა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს. ახალი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცების შემდეგ კი მელიას დაკავეის ბრძანება ხელახლა გაიცა.