დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. მან ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„საინტერესო შეხვედრა შედგა ევროპის მინისტრ ლეო დოქერთისა და საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის. ვისაუბრეთ მათი სამუშაო გარემოს შესახებ და შევეხეთ იმ მიმართულებებს, სადაც დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერის შეთავაზება შეუძლია,“ - წერს საელჩო.
დღესვე დოქერტი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს.
„შეხვედრაზე აღინიშნა ევროპის მინისტრის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს და წარმოადგენს რეგიონის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მზარდი ინტერესის მორიგ დემონსტრირებას. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. აღინიშნა ქართული მხარის ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით. მინისტრმა ევროპის საკითხებში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული მედიატორის როლს, რასაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. ლეო დოქერტიმ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს როლი რეგიონული დაკავშირებადობის გაზრდის, ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და ახალი ენერგეტიკული არქიტექტურის ჩამოყალიბების მიმართულებით.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს წლის განმავლობაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის რეგულარულ პლატფორმად ჩამოყალიბდა. ამ კონტექსტში, ქართულ მხარემ დაადასტურა მზაობა, უმასპინძლოს დიალოგის მე-9 რაუნდს თბილისში. ასევე, ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღესვე, ლეო დოქერტი თბილისში ვიზიტისას ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა. „წელიწადზე ნაკლები რჩება საქართველოში მნიშვნელოვან არჩევნებამდე. საინტერესო იყო მათთან კონტექსტის შესახებ საუბარი,“ - აღწერს შეხვედრას ბრიტანეთის საელჩო.
დღესვე ბრიტანელი მინისტრო პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა.
ლეო დოქერტი საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.
მინისტრმა დოქერტიმ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან რეფორმების დღის წესრიგის განხილვით დაიწყო.
- „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, ხაზს გაუსვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ მხარდაჭერას სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მიმართ.
- მინისტრი ხაზს გაუსვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას მშვიდობისა და სტაბილურობის გრძელვადიანი მოგვარების მისაღწევად.
- წელს მისი მესამე ვიზიტის დროს რეგიონში, ის განიხილავს სომხეთისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და აზერბაიჯანს განახლებად ენერგიაზე გადასვლაში დასახმარებლად, გაერთიანებული სამეფოს გამოცდილებას გაუზიარებს.
- გაერთიანებული სამეფო აძლიერებს თანამშრომლობას და მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, რასაც დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი ხაზს გაუსვამს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში ტურნეს დროს.
- რეგიონი, რომელიც მდებარეობს რუსეთის სამხრეთ საზღვარზე, მოწყვლადი რჩება გარე ჩარევის მიმართ და ცდილობს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ დემოკრატიული არჩევანის მხარდასაჭერად.
- ამ წლის დასაწყისში სამივე ქვეყანასთან ფორმალური სტრატეგიული დიალოგის საფუძველზე, მინისტრი დოქერტი გააჟღერებს დიდი ბრიტანეთის შეთავაზებას სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაზრდის შესახებ, რათა დაეხმაროს ქვეყნებს დივერსიფიკაციაში; შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.
„არასტაბილურ რეგიონში, დიდი ბრიტანეთი საიმედო პარტნიორია რეფორმების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“ - აღნიშნა დოქერტიმ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, თბილისში ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მხარს დაუჭერს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, საქართველოს მთავრობისა და ხალხის ნების შესაბამისად.
„დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რათა გააძლიეროს მისი მდგრადობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. მორგებული მხარდაჭერის პაკეტის მეშვეობით, რომელიც შეთანხმებულია მადრიდში, 2022 წლის NATO-ს სამიტზე,“ აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა.