რას ითვალისწინებს მთავრობის სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციის შესახებ

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ცნობილია. როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, დოკუმენტშია აღნიშნული, შემუშავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულ მიზნებს და განსაზღვრავს სისტემური მიდგომისთვის საჭირო ღონისძიებათა ფარგლებს.


დოკუმენტი 7 მიმართულებით ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას, ესენია:

  1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება).
  2. საჯარო შესყიდვები („საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის და ამ სფეროში ანგარიშვალდებულების შენარჩუნება“).
  3. კონკურენციის პოლიტიკა („ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და იმპლემენტაცია“).
  4. მართლმსაჯულება.

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა („ფულის გათეთრების წინააღმდეგ პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, მათ შორის, იურიდიული პირების და ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობა, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი წვდომა, MONEYVAL-ის და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად “).

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

მედია („მედია პლურალიზმის და მედია მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერება“).


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ სამოქმედო გეგმაში აღიარებულია პოტენციური პრობლემების ურთიერთდაკავშირებული ხასიათი, რაც იძლევა სამართლის სხვადასხვა სფეროსა და ამ სფეროების საქმიანობის განმახორციელებელ უწყებებს შორის ურთიერთკავშირის დამყარების შესაძლებლობას.

„უფრო მეტი ეფექტიანობისთვის, ის ასევე საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ფოკუსირება მოახდინონ საკუთარ რესურსებზე და მიმართონ ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი სფეროებისკენ. ქმედებები, რომლებიც მიმართულია ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებისკენ, ისეთი ქმედებებია, რომლებიც ხელს უწყობენ ოლიგარქიასთან დაკავშირებულ ფენომენთა იდენტიფიცირებას, მათთან დაპირისპირებას და პრევენციას.

პირველი კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია შესაბამისი ორგანოების ინსტიტუციური სტრუქტურისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება დამოუკიდებლად, საიმედოდ, კოორდინირებულად და პროფესიონალურად. მეორე კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია აქტივობებზე, რომლებიც პირებს ან პირთა ჯგუფებს ხელს უშლის და/ან ზღუდავს საკუთარი სარგებლობისთვის/ბოროტად გამოიყენონ გადაჭარბებული უფლებამოსილება ან თავიდან აიცილონ ასეთი უფლებამოსილების კონცენტრაცია საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ხელს შეუწყობს კონკურენციის, შესყიდვების, მედიის, არჩევნების და სხვა სფეროებში პროცესების მეტ სიჯანსაღეს და სიძლიერეს, უფრო მეტ საიმედოობას, სადაც გათვალისწინებული იქნება ევროპული სტანდარტები; ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების არჩევანისა და ინტერესების უკეთესად ასახვას.


სხვა კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რათა სისტემა იყოს უფრო ინკლუზიური და ადაპტირებადი და ამავდროულად რჩებოდეს დემოკრატიული კონტროლის ქვეშ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემდეგი შვიდი სფეროს ყოველი აქტივობა ხელს უწყობს განმახორციელებელი უწყების გაძლიერების ერთ ან რამდენიმე ამოცანას; არსებული კანონმდებლობის დახვეწას; სფეროს უკეთ რეგულირებას ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ან სისტემის სხვაგვარად გაძლიერებას, რათა მოხდეს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილება,” - აღნიშნულია დოკუმენტში.

მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია 8 ნოემბერს გასცა.

ევროკომისიის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციებიდან, საქართველოსთვის ახლა განსაზღვრულ 9 ნაბიჯში დეოლიგარქიზაციის საკითხმაც გადმოინაცვლა.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით,“ - აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.